ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს, როგორც ცენტრალურ დერეფანს და დამაკავშირებელს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, გაეხსნა შესაძლებლობის უდიდესი ფანჯარა, რაც არ მოსწონს პუტინს და ივანიშვილის ხელით ქვეყანას უარს ათქმევინებს ევროკავშირზე

საქართველოს, როგორც ცენტრალურ დერეფანს და დამაკავშირებელს ჩვენი რეგიონის, დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, გაეხსნა შესაძლებლობის უდიდესი ფანჯარა, რაც არ მოსწონს პუტინს და ივანიშვილის ხელით საქართველოს უარს ათქმევინებს ევროკავშირზე, სწორედ ამიტომ, შემოიტანეს ახლა და სასწრაფოდ რუსული კანონი, რასაც ქართველი ხალხი ვეუბნებით არას!” , - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს უნიკალური და ისტორიული შანსი აქვს საბოლოოდ „დავაღწიოთ თავი ტყვეობას და შევაბიჯოთ ცივილიზებულ სამყაროში“.

“დიდი სურათი გამოიყურება ასე:

ევროპა, დასავლეთი გვიყურებს, როგორც მეგობარს, პარტნიორს და ფიქრობს, რომ საქმიანად და სტაბილურად შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობა. შესაბამისად, საქართველოს, როგორც ცენტრალურ დერეფანს და დამაკავშირებელს ჩვენი რეგიონის, დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, გაეხსნა შესაძლებლობის უდიდესი ფანჯარა. შავი ზღვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია. ევროპელები ფიქრობენ, რომ მომავალში რუსეთი აღარ (ვეღარ) უნდა იყოს მთავარი გამტარი და დამაკავშირებელი ევროპის, დასავლეთისა და ჩვენი რეგიონის, ცენტრალურ აზიასთან. ობიექტურად სწორად ფიქრობენ, რომ ცენტრალური დერეფანი მინიმუმ ფუნქციური, აქტიური და მოწესრიგებული უნდა იყოს. ეს საქართველოსთვის ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, უსაფრთხოებას და მილიარდობით დოლარის ეკონომიკას, ანუ სამუშაო ადგილებს იმდენს, რომ სამეზობლოდან ჩამოვლენ სამუშაოდ, საქართველოში.

ვფიქრობ, რამდენიმე წამი დაფიქრების შემდეგ მიხვდებით, რომ ეს კატეგორიულად არ უნდა, არ მოსწონს რუსეთს და შესაბამისად, სწორედ ახლა გადაწყვიტა ივანიშვილის ხელით უარი თქვას საქართველომ ევროკავშირზე. რუსეთის პოლიტიკური გზავნილია, რომ რეგიონში ისინი აკონტროლებენ ყველაფერს და მათთან საუბრის გარეშე, რაიმე ალტერნატივის შექმნის ილუზიაც კი, ჩანასახშივე განწირულია. შესაბამისად, ივანიშვილი პირველ რიგში ცდილობდა, რომ ყველაფერი გაეფუჭებინა და ევროპას არ მოეცა კანდიდატის სტატუსი. ამ გეგმამ არ იმუშავა და ქართველ ხალხს დამსახურებულად გაუწოდეს ხელი ჩვენმა მეგობრებმა. ამის შემდეგ, კიდევ უფრო დამძიმდა რუსეთის მდგომარეობა, ამას დაემატა ამერიკის მიერ, უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი და პუტინიც ივანიშვილის ხელით გადავიდა მოქმედებაზე. რუსული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს უარს ევროკავშირზე.

უნიკალური და ისტორიული შანსი გვაქვს საბოლოოდ დავაღწიოთ თავი ტყვეობას და შევაბიჯოთ ცივილიზებულ სამყაროში, სადაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ის ეკონომიკა, ის ინვესტიციები და ის გარემო, რაც საქართველოში შეიქმნება, უზრუნველყოფს ყველა ოჯახისა და ადამიანის გარანტირებულ კეთილდღეობას.

ამ ყველაფერს გაცნობიერებულად ეწინააღმდეგებიან ივანიშვილის მთავრობის და პარლამენტის წევრები. ისინი ღალატობენ სამშობლოს და ქვეყნის ინტერესებს !!!

სწორედ ამიტომ, შემოიტანეს ახლა და სასწრაფოდ ეს კანონი. ჰოდა, არა რუსულ კანონს და კი ევროპას!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება